ვეტერანთა კლუბი
ბათუმის ბულვარი კულტურულ-სარეკრეაციო ფუნქციებთან ერთად ჯანსაღი ცხოვრების მისიასაც ითავსებს. აქტიური დასვენების მოყვარულთათვის მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურაა მოწყობილი, რომელიც ყველა ასაკობრივ სეგმენტზეა გათვლილი. შუა ხნის ადამიანებისთვის საუკეთესო განტვირთვის ადგილს წარმოადგენს „ვეტერანთა კლუბი“ რომელიც 2004 წელს გაიხსნა და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ, მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილის სახელს ატარებს. აქ ყოველ დღე, ამინდის მიუხედავად იკრიბებიან ბათუმელი „ვეტერანები“, თამაშობენ ჭადრაკს, ნარდს და განიხილავენ დღისა თუ საუკუნის მნიშვნელოვან მოვლენებს. ამ ადგილს აუცილებლად უნდა ეწვიოთ, გამოცდილი ბათუმელი ვეტერანების ღიმილი, ვინტაჟური ჩაცმულობა და ხელჯოხების სიმრავლე, პოზიტიურ განწყობაზე დაგაყენებთ, შეიძლება სათამაშოდაც კი გამოგიწვიოთ რომელიმე ძველმა კორიფემ.