ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია 2019 წლიდან აქტიურად ზრუნავს ადაპტირებული გარემოს არსებობაზე და შესაბამისი სივრცეების მოწყობაზე, რასაც მოწმობს სანაპიროზე ადაპტირებული ინფრასტრუქტურის არსებობა. ტურისტული სეზონის განმავლობაში ადაპტირებულ პლაჟზე, სპეციალურად გადამზადებული ინსტრუქტორები მცურავი ტივტივა ეტლის მეშვეობით შშმ პირებს დახმარებას უწევენ და ზღვაში დამოუკიდებლად შედიან. აღნიშნული სერვისით სარგებლობა სრულიად უფასოა. აღნიშნული პროექტი, გახლავთ გასული წლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასა და არსებულ სერვისებზე შშმ პირთა თანაბარ ხელმისაწვდომობას ემსახურება. მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბავშვთა კუთხეს, სადაც განთავსებულია ადაპტირებული სკამ-საქანელა და ახალ სავარჯიშო სივრცეებშიც დამონტაჟებულია ადაპტირებული ტრენაჟორები. რაც შეეხება სასეირნო ბილიკებს, შშმ პირებს ბათუმის ბულვარში დაუბრკოლებლად შეუძლიათ ეტლით გადაადგილება პანდუსების მეშვეობით. 2022 წელს ქ. ბათუმის საკრებულოს მიერ დამტკიცდა ბულვარის განვითარების გეგმა, რომელიც მწვანე ნარგავების, დენდროლოგიისა და ლანდშაფტის დიზაინის რეკომენდაციებთან ერთად მოიცავს ადაპტირებული, ინკლუზიური და უნივერსალური დიზაინის კუთხით არსებულ საჭიროებებს, არსებული ინფრასტრუქტურის დიზაინერულ და ტექნიკურ გადაწყვეტებს. შესაბამისად, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება განაშენიანების გეგმის შესაბამისად.