ბათუმის ბულვარი დაარსებიდან დღემდე ქალაქის ერთ‐ერთ უმნიშვნელოვანეს ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, რომელიც თითქმის საუკუნე ნახევარია ქალაქის სარეკრეაციო დანიშნულებასთან ერთად, ზღვასთან დამაკავშირებელ, ადამიანის ბუნებასთან ურთიერთობის დამკვიდრებულ და შეუცვლელ ადგილად არის ქცეული. ზღვისპირა ბულვარი, თავისი ისტორიით, მდებარეობით და მნიშვნელობით უნიკალურია. იგი დიდ როლს თამაშობს ბათუმელთა ცხოვრებაში. რეგიონის სავიზიტო ბარათი „ბათუმის ბულვარი“-ს ისტორია 1881 წლიდან იწყება, როცა რუსეთის იმპერიის გავლენის ქვეშ მყოფი ქალაქი ბათუმი „პორტო-ფრანკოს“ სტატუსით სარგებლობდა და მისი პირველხარისხოვანი ნავსადგურით წამყვან როლს თამაშობდა ამიერკავკასიისა და შუა აზიის სატრანზიტო ვაჭრობაში. ბათუმის ბულვარი 1987 წლიდან წარმოადგენს საქართველოს საბაღე‐საპარკო ხელოვნების ეროვნული მნიშვნელობის ძეგლს, რომელიც თავიდანვე ჩამოყალიბდა, როგორც ევროპული ყაიდის პარკი, რომელმაც შემოინახა და დღემდე შეინარჩუნა ის ელემენტები, რაც ფრანგული საბაღე‐საპარკო ხელოვნებისთვისაა დამახასიათებელი.