ბულვარის შადრევნები
გამოჩენილი ქართველი არქიტექტორის, გიორგი ერქომაიშვილისა და სომეხი ინჟინრების გაერთიანებული ძალებით 1977 წელს ბულვარის მთავარ შესასვლელში დამონტაჟდა სამი ფერადი შადრევანი. მიმდებარე ტერიტორია მალევე იქცა ბულვარის ყველაზე ცოცხალ ნაწილად. 2007 წელს შადრევანს ჩაუტარდა მასშტაბაური რეკონსტრუქცია, დღეს ის უკვე მუსიკის თანხლებით, რიტმულად ავსებს ბულვარში არსებულ გარემოს. „სალამურიანი ბიჭების“ ცვილის ქანდაკებებით გარსშემორტყმული მუსიკალური შადრევანი ერთ–ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია ტურისტებისთვის. ძველი ბულვარის ტრადიციის დაცვით, ახალ ბულვარშიც არაერთი ღირსშესანიშნაობა გვხვდება. არდაგანის ტბაში დამონტაჟდა ფრანგული მოცეკვავე შადრევანი, რომელიც მნახველებს ჰოლოგრამით გაფორმებულ სანახაობს სთავაზობს. მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია სპეციალური სივრცე საიდანაც ტურისტებს შეუძლიათ თვალი ადევნონ შთამბეჭდავ შოუს. თანამედროვე სტილის შადრევნებთან ერთად ბათუმის ბულვარში კლასიკური სტილის შადრევნებსაც შეხვდებით. დემეტრე თავდადებულის ქუჩის შესასვლელთან აღმოაჩენთ კლასიკური სტილის შადრევანს, რომელიც 1934 წლით თარიღდება. შადრევნის აუზი მაღალი ნაძვებით და ოსმანთუსის ხეებით დაბურულ სკვერში მდებარეობს. ბოლო წლებში შადრევანს ახალი სკულპტურები დაემატა და კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა. მოგვიანებით, შადრევნის აუზის ირგვლივ განთავსდა წელიწადის ოთხი დროის ამსახველი ქანდაკებები. აღნიშნულ ქანდაკებებს ავტორი არ ჰყავთ. როგორც ცნობილია, ისინი წარმოადგენენ მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე იტალიურ კოპიებს. შადრევნის სკვერი განსაკუთრებული სიმყუდროვით გამოირჩევა. აქ ხშირად შეგხვდებათ შეყვარებული წყვილები, ჩვილბავშვიანი დედები თუ განმარტოების მოყვარული ადამიანები.